საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დალი ფარჯანაძის საიუბილეო საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგ დალი ფარჯანაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვისა და საქართველოში კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებისთვის თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დალი ფარჯანაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. 
 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, დალი ფარჯანაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო დეკანი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, მთავარი რედაქტორი ჟურნალების, ძალიან აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კავშირების დამყარებაში ზაარბრიუკენის უნივერსიტეტთან. "დღეს არის არაჩვეულებრივი დღე იმისთვის, რომ მივულოცოთ ქალბატონ დალის იუბილე და მისი ღვაწლი აღვნიშნოთ იმით, რომ დავაჯილდოვოთ უნივერსიტეტის ოქროს მედლით",- განაცხადა თსუ რექტორმა.


დალი ფარჯანაძე 1964 წლიდან მუშაობდა თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე მასწავლებლად, ხოლო 1970 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ უფროს მასწავლებლად დოცენტის წოდებით. 1984 წლიდან 2002 წლამდე იყო ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 1998 წლიდან 2004 წლამდე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

 

სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქტორი, გერმანული ჟურნალის „Zeitschrift fur Sozial management”, Bertuch Verlag, Weimar, სარედაქციო საბჭოს წევრი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 90-იან, რთულ წლებში აკადემიურად მაღალი ხარისხის ჟურნალის გამოცემას და ამით სამეცნიერო მუშაობის მხარდაჭერას.


წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ფსიქლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლობაში. ამ თანამშრომლობის პროცესში ჩატარდა რამდენიმე ქართულ-გერმანული სემინარი სკოლის ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიული მეთოდებისა და უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ.

 

დალი ფარჯანაძეს გამოქვეყნებული აქვს მეხსიერების ფსიქოლოგიის საკითხებზე 60-მდე ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და სალექციო კურსები კოგნიტურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში. მისი კვლევები მეხსიერების სხვადასხვა ფორმებისა და განწყობის ურთიერთმიმართების შესახებ, უნიკალურია.მას აქვს მიღებული რამდენიმე სასწავლო და სამეცნიერო გრანტი. დალი ფარჯანაძე დღემდე კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 

"დღეს არის დალი ფარჯანაძის იუბილე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება უნივერსიტეტს მიუძღვნა. სტუდენტობიდან დაწყებული, დღემდე, არ კარგავს თავის ენერგიას, ცნობისმოყვარეობას და მომავლის ხედვას. ყველაზე მნივნელოვანი ის არის, რომ ჯერ კიდევ 70-იან, 80-იან წლებში, როდესაც ძალიან ძნელი იყო წიგნების და ინფორმაციის მოპოვება, ქალბატონი დალი იყო ის წყარო, რომელმაც ჩვენ გვაზიარა კოგნიტურ ფსიქოლოგიას და დასავლეთში ყველაზე საინტერესო მიმართულებებს მეხსიერების ფსიქოლოგიაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მახვილგონიერი კვლევითი მიდგომებით. ჩემი პირველი კვლევაც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა, ამისთვის, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა მან " - განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ.

 

ღონისძიებაზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“  მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

თარიღი: 12/10/2022